ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ფსიქოსარეაბილიტაციო კურსის დეტალებს განმარტავს
აზარტულ თამაშზე დამოკიდებულების ამოცნობას რამდენიმე ქცევაზე დაკვირვებით მარტივად შევძლებთ: დამოკიდებულ ადამიანს არ შეუძლია თამაშის შეწყვეტა; ის მუდმივად ფიქრობს აზარტული თამაშების შესახებ და მზადაა სარისკო და ექსტრემალური რამ ჩაიდინოს მის გამო (მაგალითად, იქურდოს, რომ იშოვოს სათამაშო ფული და ა.შ.); მას აქვს ემოციების მართვის პრობლემა და, რაც ყველაზე მთავარია, მალავს, რომ თამაშობს; მალავს თამაშებში დახარჯული თანხის ოდენობას.
პრობლემას ის ამძაფრებს, რომ რეალურად არ არსებობს სტატისტიკა, რომელიც გამოავლენდა თამაშზე პრობლემურად დამოკიდებულ ადამიანთა ზუსტ რიცხვს. უმეტესობა მათგანს კი ხელი არ მიუწვდება ფსიქოლოგის მომსახურებაზე.
თუმცა 2020 წლიდან ფსიქოლოგიურ-სოციალური სარეაბილიტაციო ცენტრი „კამარა“ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ ნებისმიერ მსურველს კომპლექსურ ფსიქოთერაპიულ მკურნალობის კურსს სრულიად უფასოდ ჩაუტარებს.
პროექტს კომპანია „ევროპაბეთი“ პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანიის ფარგლებში აფინანსებს.
ფაქტმა, რომ აზარტული თამაშების კომპანია თამაშდამოკიდებულ ადამიანთა ფსიქო-სარეაბილიტაციო კურსს აფინანსებს, საზოგადოების აზრთა სხვადასხვაობა უკვე გამოიწვია. ფეისბუქმომხმარებლები წერენ, რომ მსგავსი ტიპის პროექტის დაფინანსება თამაშების კომპანიის მხრიდან PR-ნაბიჯია და ქმედითუნარიანი ვერ იქნება.
თუმცა, თავად „კამარას“ ხელმძღვანელი, ნათია ფანჯიკიძე სხვა აზრზეა. „რა თქმა უნდა, ეს ჰგავს სიგარეტის კოლოფზე წარწერას, “მოწევა კლავს”, რომელმაც ჩემზე ვერ გაჭრა, მხოლოდ მაბრაზებს, მაგრამ ბევრ ადამიანზე იმოქმედა“, – აცხადებს ნათია. „ჯობდა დონორობის სურვილი გამოეთქვა ფარმაბიზნესს ან რძის და ყველის ქარხანას, მაგრამ არ გამოუთქვამთ. კამარაში ფასიანი თერაპია წარმატებით მიმდინარეობს, თუმცა, ძალიან ხშირად გვწერდნენ გვერდზე უკმაყოფილო ადამიანები, რატომ არ არის უფასო სერვისიო, რადგან თვის გადასახადი, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნაში სხვა ყველაფერთან შედარებით ძვირი არაა, მაინც ძვირია ბევრისთვის. „ევროპაბეთი“ზუსტად იმდენს იხდის პაციენტისთვის, როგორი ტარიფიცაა ჩვენთან და არც ერთი თეთრით მეტს. ამდენად, „კამარა“ ამ მემორანდუმით არ მდიდრდება, მხოლოდ საშუალება გვეძლევა ბევრი ადამიანი მივიღოთ უფასოდ“, – განმარტა ფანჯიკიძემ დამატებით.
„ევროპაბეთის“ მარკეტინგის დირექტორის, ლაშა გოგუას თქმით, პასუხისმგებლიანი კამპანიის მთავარი კონცეფცია არის ითამაშო მხოლოდ სიამოვნებისთვის. www.responsible.ge -იც სწორედ ამის დადასტურებაა.
„იმისათვის, რომ სლოგანი მხოლოდ სლოგანად არ დარჩეს, პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანიას რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტი გააჩნია“, – აღნიშნავს ლაშა. „მათ შორის, ერთ-ერთია ფსიქოლოგიურ-სარეაბილიტაციო სრული კურსი, რომელშიც პარტნიორობას „კამარა“ და მისი ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე გვიწევს.
„ევროპაბეთისთვის“ მნიშვნელოვანია მხოლოდ ის მომხმარებელი, რომელიც თამაშობს სიამოვნებისთვის და პასუხისმგებლიანად, ამიტომაც ვგრძნობთ რა იმ რისკებს, რაც შეიძლება ადამიანს აზარტულმა თამაშებმა მოუტანოს, თავადვე ვსახავთ ამ რისკების და პრობლემების მოგვარების გზებს“, – აცხადებს გოგუა.
პაციენტების მიღება უკვე დაწყებულია. ნებისმიერი მსურველისთვის სრული კურსის გავლა უფასოა. ოპტიმალური კურსი 3-6 თვემდე გრძელდება კვირაში 8-საათიანი ინტენსიური დატვირთვით, თუმცა, განსაკუთრებული შემთხვევების დროს, მაგალითად, ორმაგი დიაგნოზით შემოსული პაციენტის შემთხვევაში, შესაძლებელია კურსის გაგრძელებაც ადამიანის სრულ განკურნებამდე.
„მიუხედავად იმისა, რომ, ერთგვარად, ცინიკური შეიძლება ჩანდეს, დაგაფინანსოს დაწესებულებამ, სადაც დაავადდი, და მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე კარგი ის იქნებოდა, არავინ გამხდარიყო ავად, გამომდინარე იმ მდგომარეობიდან, რაც დღეს არის, და რადგან არც მზრუნველი არსად არავინაა, კარგია, რომ თავად ბიზნესისგან წამოვიდა შემოთავაზება, დახმარება გაუწიოს მათ, ვისაც თამაში გართობის ნაცვლად დაავადებად ექცა“, – აცხადებს ნათია ფანჯიკიძე.
„კამარადან“ ჯერჯერობით 4 სპეციალისტია მობილიზებული, თუმცა ნათია ფანჯიკიძე აღნიშნავს, რომ პროექტის ზრდის პარალელურად, შესაძლებელია, რომ „კამარას“ ადამიანური რესურსი უფრო დიდი დატვირთვით ჩაერთოს.