თაღლითობისა და ყალბი დოკუმენტების დამზადების ფაქტზე საქმე 6 პირის წინააღმდეგ აღიძრა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე 4 პირი დააკავა და 2 პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 2015 წლის 19 ოქტომბერს, ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ქალაქ ცაგერში, სპორტული კომპლექსის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც შპს „პრიზმა“-მ გაიმარჯვა.
აღნიშნულ კომპანიასთან 2 714 143 ლარის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ხელშეკრულება გაფორმდა. სპორტული კომპლექსის მშენებლობის დროს, შპს „პრიზმა“-ს დირექტორმა, ამავე კომპანიის სამუშაოთა მწარმოებლების დახმარებით, დოკუმენტებში 177 000 ლარის ღირებულების სამუშაოები ყალბად დააფიქსირა შესრულებულად და ამ გზით სახელმწიფოს კუთვნილ აღნიშნულ თანხას თაღლითურად დაეუფლა.
შპს „პრიზმა“-ს დირექტორს თაღლითობაში დახმარება გაუწია შპს „აუდიტ-ფრევეგი“-ს ექსპერტმა, რომელმაც მის მიერ შედგენილ დასკვნაში არარსებული სამუშაოები შესრულებულად აჩვენა.
თავის მხრივ, სამუშაოები შესრულებულად დააფიქსირეს ასევე შპს „მშენტექზედამხედველი“-ს დირექტორმა და შპს ,,პრიზმა“-ს ინჟინერმა.
გამოძიება დიდი ოდენობით თაღლითობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს და სასჯელის სახით ითვალისწინების თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე..
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.