ჩინეთიდან სპეცრეისით დაბრუნებული 34 პირი ორკვირიან კარანტინს საჩხერეში გაივლის
ჩინეთიდან სპეცრეისით ჩამოყვანილი საქართველოს 34 მოქალაქე საჩხერის სამედიცინო ცენტრთან არსებულ სასტუმროში გადაიყვანეს. აღნიშნულ სასტუმროში ისინი ორკვირიან კარანტინს გაივლიან.
საჩხერეში გადაყვანამდე მოქალაქეებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 22 თებერვლის ღამითვე ჩაუტარდათ შესაბამისი შემოწმება, გაიარეს ეპიდემიოლოგის კონსულტაციაც - მათ აეროპორტში ეპიდემიოლოგებისა და ექიმებისგან შემდგარი ჯგუფი დახვდათ.
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძის თანახმად, ჩინეთიდან სპეცრეისით დაბრუნებული 34 მოქალაქიდან აეროპორტში შემოწმებისას საეჭვო სიმპტომები არც ერთს აღმოაჩნდა.
„გვქონდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე მათგანს შესაძლოა, ჰქონოდა შეხება კორონავირუსით დაინფიცირებულ ადამიანთან, ამიტომაც აუცილებელი იყო ამ ტიპის ღონისძიების გატარება. დღეს არც ერთს არც ტემპერატურა დაფიქსირებია, არც საეჭვო სიმპტომები, მაგრამ ამის მიუხედავად, რა თქმა უნდა, საჭიროდ ჩავთვალეთ, ორი კვირა კარანტინში გაატარონ შესაბამისი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ. თუ ამ ორი კვირის განმავლობაში, რომელიმე მათგანს, დაეწყება რესპირაციული სიმპტომები, რა თქმა უნდა, მაშინ მათი გადაყვანა მოხდება უკვე ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.