სენატორ გრემის კანონპროექტი რუსეთის აგრესიისგან დაცვის შესახებ კენჭისყრაზე გადის
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტი 11 დეკემბერს უყრის კენჭს სენატორ ლინდსი გრემის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რუსეთის აგრესიისგან დაცვის შესახებ. ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს კომიტეტის პრესმდივანზე დაყრდნობით.
გავლენიანმა რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა ჯერ კიდევ თებერვალში წარმოადგინა კანონპროექტი „კრემლის აგრესიისგან ამერიკის უსაფრთხოების დაცვის“ შესახებ. მას მხარი დაუჭირეს დემოკრატმა სენატორებმაც, მათ შორის ბობ მენენდესმა.
დოკუმენტი ითვალისწინებს რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას ამერიკის არჩევნებში ჩარევის და ყირიმის ანექსიის გამო.
კანონპროექტის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტმა დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს ფედერალური მთავრობის მხრიდან საპასუხო ზომები რუსეთის მთავრობისგან მომდინარე საფრთხეებზე და აღიკვეთოს რუსეთის ჩარევა ამერიკის ინსტიტუტებსა და დემოკრატიულ პროცესებში.
პრეზიდენტმა რუსეთის მთავრობას საჯაროდ უნდა მოუწოდოს უკრაინისთვის ყირიმის დაბრუნების, უკრაინის აღმოსავლეთში ძალადობის მხარდაჭერის შეწყვეტის, საქართველოს და მოლდოვის ტერიტორიების ოკუპაციის შეწყვეტისა და სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმის მხარდაჭერის შეწყვეტისკენ.
კანონპროექტში საუბარია რუსეთის მიერ საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის ოკუპაციით გამოწვეულ ჰუმანიტარულ კრიზისებსა და არასტაბილურობაზე აშშ-ის რეაგირების აუცილებლობაზე.