ინგა გრიგოლია ინიშნება „ტვ პირველის“ დირექტორად
ტელეკომპანია „პირველის“ 100%-იანი წილის მესაკუთრე ვატო წერეთელი „ფეისბუკზე“ წერს, რომ დღეიდან ტელეკომპანია „პირველს“ ინგა გრიგოლია უხელმძღვანელებს.
„გადავდივართ განვითარების ახალ ეტაპზე, რომელსაც სათავეში ახალი დირექტორი ჩაუდგება, დიდი გეგმებით და მთელი გუნდის ერთიანი ძალისხმევით“, - წერს წერეთელი.
„ტვ პირველის“ ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია დირექტორის პოზიციას ცხოვრების ყველაზე საპასუხისმგებლო გამოწვევად მიიჩნევს.
„მადლობა ვატო წერეთელს ამ ნდობისთვის და მადლობა ტვ „პირველის“ მთელ გუნდს! ბევრი მადლობა! ესაა ჩემი ცხოვრების ახალი და ყველაზე საპასუხისმგებლო გამოწვევა, თან ყველაზე აზარტული გამოწვევა. აი ისეთი, ახალ სიცოცხლეს რომ გაძლევს, ახალ სუნთქვას რომ გიხსნის“, - წერს ინგა გრიგოლია „ფეისბუკზე“.
ვატო წერეთელმა სამეწარმეო რეესტრს დირექტორის ცვლილების განცხადებით 16 ოქტომბერს მიმართა.