ტრამპი თურქეთში პენსს და პომპეოს აგზავნის
16 ოქტომბერს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი და სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ანკარაში მიემგზავრებიან. ვაშინგტონის ოფიციალური დელეგაცია თურქეთის პრეზიდენტთან გამართავს მოლაპარაკებას სირიის ჩრდილოეთში სამხედრო ოპერაციის შესაჩერებლად.
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, დელეგაცია, რომელსაც მაიკ პენსი უხელმძღვანელებს, თურქეთისგან ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს. ტრამპის თქმით, ვაშინგტონმა ანკარას უკვე დაუწესა სანქციები და თუ თურქეთი სამხედრო ოპერაციას არ შეწყვეტს, სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდება.
15 ოქტომბერს პრეზიდენტმა ერდოანმა განაცხადა, რომ თურქეთი მიზნის მიღწევამდე არ აპირებს სამხედრო ოპერაციის შეწყვეტას და სანქციების არ ეშინია.
თურქეთმა სირიის ჩრდილოეთში 9 ოქტომბერს დაიწყო ოპერაცია „მშვიდობის წყარო”, რომელიც ანკარის განცხადებით, მიმართულია ტერორისტული დაჯგუფების, „ისლამური სახელმწიფოს“ და ქურთების შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ.
სირიელი ქურთები აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ საერთაშორისო კოალიციასთან ერთად იბრძოდნენ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. თურქეთის მთავრობა კი, სირიელ ქურთებს მიიჩნევს მის მიერ ტერორისტულად გამოცხადებული და აკრძალული ორგანიზაციის, „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ მოკავშირეებად.
სირიის ჩრდილოეთში დაწყებული სამხედრო ოპერაციის გამო, აშშ-მა სანქციები დაუწესა თურქეთის თავდაცვის, შინაგან საქმეთა და ენერგეტიკის მინისტრებს და თავდაცვის და ენერგეტიკის სამინისტროებს.
ამასთან, რამდენიმე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა სირიის ჩრდილოეთიდან ათასამდე ამერიკელი სამხედროს გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. ამის გამო, ოპონენტებმა ტრამპი დაადანაშაულეს ამერიკელების მოკავშირე ქურთების ღალატში.