ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2 ოფიციალურად გადაიფორმა
ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2 ოფიციალურად გადაიფორმა. ცვლილება საჯარო რეესტრის მონაცემებში 18 ივლისს 15:17 საათზე აისახა.
რეესტრში მითითებულია, რომ შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის 60%-ის მფლობელი ქიბარ ხალვაშია, ხოლო 40% შპს პანორამაზეა გაფორმებული, რომელსაც, თავის მხრივ, ასევე ხალვაში ფლობს.
რეესტრის მონაცემებით, ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორად ჯერ-ჯერობით ნიკა გვარამია რჩება.
18 ივლისს ცნობილი გახდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება. ევროსასამართლომ ვერ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლების დარღვევა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავის განხილვისას. რამდენიმე საათში ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ საჯარო რეესტრს მიმართა და რუსთავი 2-ის პარტნიორისა და წილის ცვლილება მოითხოვა. განცხადება სალიამ მინდობილობისა და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების თანხლებით წარადგინა.
საჯარო რეესტრში, აქამდე, რუსთავი 2-ის მეწილეებად მითითებული იყვნენ:
ლევან ყარამანიშვილი 22%
გიორგი ყარამანიშვილი 18%
შპს ტელეკომპანია საქართველო 51%
ნინო ნიჟარაძე 9%