სოფელ ახალუბნიდან მწყემსი გაიტაცეს
68 წლის მწყემსი გაიტაცეს გორის რაიონის სოფელ ახალუბნიდან. ინფორმაციას ავრცელებს საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ გორის მუნიციპალიტეტზე დაყრდნობით. მათივე ცნობით, მწყემსი ორ თანასოფლელთან ერთად საძოვარზე მწყემსავდა საქონელს და ის სწორედ ამ დროს გაიტაცეს. ადგილობრივების ინფორმაციით, მწყემსები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და ე.წ. საზღვარი არ გადაუკვეთავთ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციიით, გორის რაიონის სოფელ ახალუბნიდან საქართველოს მოქალაქის გატაცების ფაქტზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინფორმირებულია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სუს-ში განუცხადეს, საქართველოს მოქალაქე დაკავებულია ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით.