ანჯელინა ჯოლი ერაყის ქალაქ მოსულში ჩავიდა
ჰოლივუდის ვარსკვლავმა, მსახიობმა ანჯელინა ჯოლიმ, რომელიც კვირას ერაყის სიდიდით მეორე ქალაქ მოსულში ჩავიდა, მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, რათა არ დაივიწყოს ამ ქალაქის მოსახლეობა, რომელიც მოსულის განთავისუფლების შემდეგაც, ჰუმანიტარული პრობლემების წინაშე დგას. „ეს არის ყველაზე საშინელი ნგრევა, რაც კი მე ვნახე გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენლებთან ერთად მუშაობის განმავლობაში“, - აღნიშნა ანჯელინა ჯოლიმ, რომელიც ამ ორგანიზაციის საგანგებო ელჩად მუშაობს 2001 წლიდან. ქალაქ მოსული, რომელსაც 4 წლის განმავლობაში აკონტროლებდა ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“, 900 ათასმა კაცმა დატოვა. მათი ნაწილი ბრუნდება ქალაქში და ცდილობს ხელახლა მოაწყოს საკუთარი ცხოვრება ნანგრევებადქცეულ მოსულში.