პაშინიანი აცხადებს, რომ 22 აპრილს სერჟ სარქისიანს შეხვდება
სომხეთში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების ლიდერი, ნიკოლ პაშინიანი აცხადებს, რომ 22 აპრილს შეხვდება ყოფილ პრეზიდენტს და ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრს, სერჟ სარქისიანს - იმ ფონზე, როცა ერევანში უკვე ცხრა დღეა გრძელდება მასობრივი გამოსვლები სარქისიანის მმართველობის წინააღმდეგ. "სერჟ სარქისიანს შევხვდები მისი გადადგომის და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის პირობებზე სალაპარაკოდ" - ამბობს პაშინიანი 21 თებერვალს, ფეისბუკზე ატვირთულ ვიდეომიმართვაში. პაშინიანის თქმით, შეხვედრა დანიშნულია ერევანში, სასტუმრო მერიოტში, ადგილობრივი დროით დილის 10 საათზე. სარქისიანის ოფისს ჯერჯერობით ეს ცნობა არ დაუდასტურებია, თუმცა 21 აპრილს, უფრო ადრე სარქისიანმა განაცხადა, რომ "პოლიტიკური დიალოგის" გამართვა სურდა საპროტესტო აქციების ლიდერთან. "ღრმად შეშფოთებული ვარ შიდაპოლიტიკური პროცესებით. საიმისოდ, რომ თავიდან ავიცილოთ გამოუსწორებელი დანაკარგი, მოვუწოდებ ნიკოლ პაშინიანს მოლაპარაკების მაგიდასთან დავიწყოთ პოლიტიკური დიალოგი. ეს დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს" - თქვა სარქისიანმა მის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. 21 აპრილს პაშინიანმა შეხვედრა გამართა პრეზიდენტ არმენ სარქისიანთან. დემონსტრანტები მოითხოვენ გადადგეს პრემიერ-მინისტრი სერჟ სარქისიანი, რომელიც პრემიერის პოსტზე დაინიშნა პრეზიდენტის რანგში ათწლიანი მუშაობის შემდეგ. მთავრობის ოპონენტები აცხადებენ, რომ ეს ცვლილება სერჟ სარქისიანს ფაქტობრივად უვადოდ ტოვებს ქვეყნის ლიდერის პოსტზე. 2015 წელს ჩატარებული რეფერენდუმით, რომელსაც სერჟ სარქისიანი უჭერდა მხარს, სომხეთი გადავიდა მმართველობის ახალ სისტემაზე, რომელიც ამცირებს პრეზიდენტის უფლებამოსილებას და აძლიერებს პრემიერ-მინისტრის როლს.