არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები ითხოვენ "მუხთარლის საქმეზე" საპარლამენტო კომისიის შექმნას
30-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ და მედიასაშუალებამ საქართველოს პარლამენტს მიმართა, შექმნას დროებითი კომისია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმის გამოსაძიებლად. მიმართვის ხელმომწერი ორგანიზაციების განცხადებით, „არ გაქარწყლებულა ეჭვები ორგანიზებულ დანაშაულში საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მონაწილეობასა და ზოგადად, აზერბაიჯანელი დისიდენტების საქმეებში საქართველოს მთავრობის მიერ აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ გამოვლენილი პოლიტიკური ლოიალობის თაობაზე. მეტიც, გამოძიების მიმდინარეობის პროცესში იდენტიფიცირებული სერიოზული ხარვეზები საზოგადოების ნდობას და მოლოდინს გამოძიების ეფექტიანობის მიმართ მნიშვნელოვნად ამცირებს.” მიმართვის ხელმომწერი ორგანიზაციები, საქმის მაღალი პოლიტიკური და სოციალური მნიშვნელობის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტს მოუწოდებენ, შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია და უზრუნველყოს ეფექტიანი საპარლამენტო კონტროლის განხორციელება აფგან მუხთარლის საქმეზე. არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები მიმართავენ საქართველოს მთავარ პროკურორსაც, თანამშრომლობის შესაბამის ფორმატში უზრუნველყოს გამოძიების პროცესში პარტნიორი ქვეყნების, აშშ-ის და ევროკავშირის ქვეყნების ექსპერტებისა და გამომძიებლების ჩართვა, დაინტერესებული ორგანიზაციებისთვის უზრუნველყოს გამოძიების პროგრესისა და მომავალი გეგმების შესახებ ინფორმაციის დროულად გაზიარება და პერიოდულად გაასაჯაროოს ინფორმაცია გამოძიების შედეგების შესახებ.