მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინიდან მისი დეპორტაციის დაჩქარებას აპირებენ
უკრაინის „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, კიევის სააპელაციო სასამართლომ შესაძლოა, 22 იანვარს წაართვას უკრაინაში ყოფნის ბოლო, ლეგალური საფუძველი. ტელეკომპანია NEWSONE-თან ინტერვიუში, სააკაშვილმა განაცხადა, რომ 3 იანვარს, კიევის საოლქო ადმინისტრაციულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი სარჩელი და უკანონოდ არ ცნო უკრაინის საიმიგრაციო სამსახურის გადაწყვეტილება, რომლითაც უარი ეთქვა ლტოლვილად, ან დამატებითი დაცვის საჭიროების მქონე პირად აღიარებაზე. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის 30 დღიანი ვადა ჰქონდა, თუმცა, უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა თავადვე გაასაჩივრა მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება. „ეს იმისთვის გაკეთდა, რომ ორშაბათს სასამართლო გაიმართოს და სამშაბათს აღარ მქონდეს უკრაინაში ყოფნისთვის აუცილებელი არცერთი ლეგალური დოკუმენტი და დააჩქარონ ჩემი დეპორტაცია“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.